logo
ENG



გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდა

07 აგვ 202618:45
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/07/rv7euop15a7sdli.jpg

გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს — ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მზია გარშაულიშვილის გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ხოლო დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებაზე არ გაითვალისწინა.

5 აგვისტოს დაკავებულ მოზარდებს ბრალი ოფიციალურად 6 აგვისტოს წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, ნია იმნაძემ თავის მეგობრებს განუცხადა, რომ მასწავლებელი მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა, რის შემდეგაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა ავალიანს. ჯგუფურად განხორციელებული თავდასხმის შედეგად მიყენებული დაზიანებებით მასწავლებელი 23 დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამ ქმედებისთვის იმნაძეს ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების მუხლით წარედგინა, რაც 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო ანასტასია ბერუაშვილს ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საერთო ჯამში საქმეზე დაკავებულია 7 პირი, რომელთაგან ოთხი უკვე მსჯავრდებულია.


close დახურვა