logo
ENG



პროკურორის თქმით, ნია იმნაძე ფარულ ჩანაწერში გაბაშვილის დანაშაულს ეთანხმება

07 აგვ 202619:40
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/07/fraqjtu21mji10p.jpg

მოკლული მასწავლებლის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, საქმეზე მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ბრალდებულ ნია იმნაძესა და მამამისს, ვალერ იმნაძეს შორის გამართული საუბარია ასახული, სადაც ისინი ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს განიხილავენ.

პროკურორის განმარტებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თებერვალში მოპოვებულ ჩანაწერში ვალერ იმნაძე შვილს ეუბნება, რომ ბრალდებულს აღნიშნული ქმედება არ უნდა ჩაედინა და ის არასწორად მოიქცა. თავის მხრივ, ნია იმნაძე მამას პასუხობს, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა, თანამედროვე ეპოქაში გადაწყვეტილებები სხვანაირად მიიღება და ის უფროსი თაობის წარმომადგენელია.

ქეთევან სონიძის თქმით, ჩანაწერში მამა-შვილს შორის კამათი მიმდინარეობს, სადაც ნია იმნაძე თავის პოზიციას გამოხატავს და დემონსტრირებას ახდენს, რომ მომხდარს ეთანხმება. ამასთან, პროკურორმა აღნიშნა, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საგამოძიებო უწყებამ „მეტას“ კვლავ მიმართა და კომპანიისგან პასუხს ამ დრომდე ელოდებიან.


close დახურვა