logo
ENG



ცხინვალის ე.წ. საგარეო: კობახიძემ ოფიციალურად აღიარა სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ

09 აგვ 202617:37
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/09/jp27yk6xmsw9ac9.png

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის მცდელობებს თავი დაანებოს“ და „უფრო კონსტრუქციული პოზიცია“ დაიკავოს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც თბილისი რუსეთს საქართველოს ტერიტორიების „უკანონო ოკუპაციის“ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ცხინვალის დე ფაქტო საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „ნატოს ქვეყნების მიდგომების კვალდაკვალ“ აგრძელებს „საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“.

დე ფაქტო სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ირაკლი კობახიძის სახით, „ოფიციალურად აღიარა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიაში დამნაშავედ.

„ეს, ფაქტობრივად, თავიდანვე იყო ცნობილი და ამის შესახებ სამხრეთ ოსეთი ბოლო 18 წლის განმავლობაში აცხადებდა. ასევე სრულიად ცხადია, რომ დამნაშავე მხოლოდ სააკაშვილი არ არის. მას, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, ჰქონდა მანდატი, ემოქმედა საქართველოს სახელმწიფოს სახელით, გამოეცა დანაშაულებრივი ბრძანებები და გაეტარებინა ანტიოსური და ანტაფხაზური პოლიტიკა.

ამიტომ 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას, როგორც ამ პოლიტიკის განმახორციელებელ სუბიექტს, მათ შორის სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს, როგორც იმ პირებს, რომლებიც მის პოლიტიკას ახორციელებდნენ“, – აცხადებენ დე ფაქტო სამინისტროში.

უწყების განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებები „უკიდურესად ტენდენციური და რეალობას მოწყვეტილია“.

„სწორედ საქართველოს „მშვიდობისმოყვარე“ პოლიტიკის შედეგად, 1989 წლიდან ეთნიკური წმენდის შედეგად 100 ათასზე მეტი ეთნიკური ოსი იქნა გაძევებული.

ათასობით მსხვერპლი და დამახინჯებული ბედი, ბლოკადა და ნგრევა, ასზე მეტი დაკარგული ოსი, რომელთა ბედზეც საქართველოს ხელისუფლება დუმს – ეს არის ქართული მშვიდობისმოყვარეობის ნამდვილი სახე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უწყების მტკიცებით, რუსეთის ფედერაცია სამხრეთ ოსეთისთვის „იყო და რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად“, ხოლო ორ მხარეს შორის ურთიერთობები „მყარ სამართლებრივ საფუძველს“ ეყრდნობა.

„მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, თავი დაანებოს სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის მცდელობებს და დაიკავოს უფრო კონსტრუქციული პოზიცია, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მუშაობისას“, – აცხადებენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში.


close დახურვა