logo
ENG



პროკურატურა ფარცხალაძის ადვოკატების მიერ რუსეთში მოპოვებულ მტკიცებულებებს უარყოფს

10 აგვ 202612:19
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/10/x6s4juygtmr4gxx.jpg

ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის ბრალდების საქმეზე გამოძიება დასრულდა და საქმე განსახილველად სასამართლოში წარიმართა. პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დაცვის მხარის მიერ გადაცემული რიგი მტკიცებულებები, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში გამოკითხული მოწმეების ჩვენებები და კომპიუტერული მონაცემები, კანონის არსებითი დარღვევითაა მოპოვებული, რის გამოც ბრალდების მხარე მათ დაუშვებლად ცნობას მოითხოვს.

პროკურორის თქმით, საქმეში წარმოდგენილია ყველა საჭირო მტკიცებულება — მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი დოკუმენტები, ფარცხალაძის საბანკო ანგარიშები და მობილური ტელეფონის დეტალური ამონაწერი, რაც ერთობლიობაში გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის საკმარის საფუძველს ქმნის.

ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული (სსკ-ის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა და მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ამავე საქმის ფარგლებში უვადო თავისუფლების აღკვეთა უკვე მისჯილი აქვს 4 პირს:

გელა უძილაურს — ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისა და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის;

დავით მიქაძეს, გიორგი მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეს — მკვლელობის ორგანიზებისთვის (ჯოხაძეს ასევე ბრალი ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გასაღებაში).


close დახურვა