ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებითი შეთანხმების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები არ გამართულა, — ამის შესახებ ირანელმა მაღალჩინოსანმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა.
ანონიმური წყაროს განმარტებით, თეირანის პერსპექტივიდან, შეთანხმებას ოფიციალურად ამოქმედების თარიღი არ ჰქონია, შესაბამისად, მისი ვადა ვერც გაგრძელდება.
„გახანგრძლივებაზე საუბარი არ არის, რადგან ირანის პერსპექტივიდან გამომდინარე, არ არსებობს დაწყების პერიოდი და შესაბამისად, გასახანგრძლივებელი არაფერია. შეერთებულმა შტატებმა დაარღვია დროებითი შეთანხმება მისი მიღწევიდან 48 საათის შემდეგ და რამდენიმე დღის შემდეგ გამოვიდა მისგან“, — აღნიშნა ირანელმა მაღალჩინოსანმა.
მისივე თქმით, შუამავლები ამ ეტაპზე ცდილობენ დაარწმუნონ აშშ, დაუბრუნდეს დროებით შეთანხმებას და განისაზღვროს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მკაფიო ვადები. თუმცა, წყაროს ცნობით, ამ საკითხზე ჯერჯერობით არანაირი პროგრესი არ შეინიშნება.
აღნიშნული განცხადება პასუხია თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც პაკისტანის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ თეირანი და ვაშინგტონი ივნისში მიღწეული 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
