გომისმთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 11 პირი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის 6 პედიატრიული ასაკისაა. ამის შესახებ მედიასთან ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტოლოგმა ანა კოჩაძემ განაცხადა.
"ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოყვანილია 11 პაციენტი, აქედან 6 პაციენტი არის პედიატრიული ასაკის და 5 პაციენტი არის მოზრდილი. აქედან გამოვარჩევდით ორი პაციენტის მდგომარეობას. ისინი შედარებით მძიმე პაციენტები არიან და ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევების გაღრმავება", - თქვა ექიმმა.
შემთხვევა გუშინ, 12 აგვისტოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, სამგზავრო მიკროავტობუსი გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა და გზიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
