logo
ENG



ბაშკირეთში უკრაინულმა დრონებმა „გაზპრომისა“ და Wildberries-ის ობიექტები დაბომბეს

13 აგვ 202611:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/13/84xmzw8m22f4wtq.jpg

13 აგვისტოს დილით, რუსეთის შემადგენლობაში შემავალი ბაშკირეთის რესპუბლიკის სამრეწველო ზონებში ძლიერი აფეთქებები მოხდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეტევაში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები დაადანაშაულა. გავრცელებული ცნობებით, დარტყმის მთავარი სამიზნეები ონლაინ-ვაჭრობის უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის საწყობები და ენერგოგიგანტ „გაზპრომის“ კუთვნილი საწარმო გახდა.

ბაშკირეთის მეთაურის, რადიი ხაბიროვის განცხადებით, ქალაქ სალავატის სამრეწველო ზონაში ჩამოვარდა „ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევები“, რამაც ხანძარი გამოიწვია, თუმცა მას კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია. დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ კი ადგილობრივ თვითმხილველებსა და ვიდეოკადრების ანალიზზე დაყრდნობით დაადასტურა, რომ სალავატში იწვის „გაზპრომნეფტეხიმ სალავატის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. აღნიშნული კომპლექსი „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიაა და რუსეთის მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობქიმიურ ობიექტს წარმოადგენს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ქარხანას დრონებით იერიში წარსულშიც მიაყენეს — 2025 წლის სექტემბერსა და 2026 წლის ივლისში.

პარალელურად, დრონებით შეტევა განხორციელდა ბაშკირეთის ჩიშმის რაიონში მდებარე Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრზეც. ASTRA-სა და უკრაინული მონიტორინგის არხის, Exilenova+-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოგვიანებით თავად კომპანიამაც დაადასტურა. Wildberries-ის პრესსამსახურის ცნობით, საჰაერო იერიშის შედეგად ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, რის გამოც პერსონალის სრული ევაკუაცია განხორციელდა.

უკრაინულმა მხარემ Wildberries-ის საწყობებზე სისტემატური დარტყმები 2026 წლის 18 ივლისიდან დაიწყო, რის შედეგადაც სამიზნეში 20-ზე მეტი ობიექტი მოჰყვა. რუსული Forbes-ის მონაცემებით, მხოლოდ ივლისის თვეში კომპანიამ საკუთარი საწყობების სულ მცირე 17% დაკარგა, ხოლო მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით 280 მილიარდი რუბლი შეადგინა.


close დახურვა