logo
ENG



თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს 5 და თურქეთის 1 მოქალაქე დააკავეს

15 აგვ 202611:41
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/15/5epn9xsv2yzl9z6.png

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის, ემზარ გაგნიძის, ინფორმაციით, დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავეს. 

"ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, რომელიც საქართველოს ოთხ მოქალაქესთან ერთად წარმოადგენდა თაღლითურ დანაშაულებრივ ჯგუფს, საქართველოში დროებით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 14 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ბინადრობის ნებართვის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, თუმცა დანაპირები ვერ შეასრულა.

დაზარალებულს გასული ჰქონდა ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა, რაც ცნობილი იყო დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებისთვის. შესაბამისად, მოგვიანებით, დაკავებულ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქეები თურქეთის რესპუბლიკის იმავე მოქალაქეს დაუკავშირდნენ და 3000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოში მისი ყოფნის კანონიერი საფუძვლის შექმნაში შეუწყვეს ხელი, კერძოდ, აღნიშნული პირის პირადობის მოწმობის გამოყენებით, საზღვრის რეალური კვეთის გარეშე, ,,პირადობის მოწმობით მგზავრობის, შემოსვლისა და გასვლის ფორმაში“, განათავსეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ორმხრივი კვეთის დამადასტურებელი ოფიციალური შტამპები.

რაც შეეხება სისხლის სამართლის მეორე საქმეს – გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში დროებით მყოფ თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქეს გასდიოდა ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა; საქართველოს მოქალაქე კი, 4000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დაჰპირდა მას საზღვარზე გაყვანას და შემდგომ უკან შემოყვანას ისეთი ფორმით, რომ კანონიერად გაგრძელებოდა საქართველოში ყოფნის ვადა. ბრალდებულმა ვერ შეასრულა დანაპირები, თუმცა მაინც მოითხოვა და მიიღო თანხის ნაწილი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, 19.180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით", - თქვა გაგნიძემ.


close დახურვა