24 აგვისტოს ღამით რუსეთის რამდენიმე რეგიონში Ozon-ის ლოგისტიკური ცენტრები დრონების თავდასხმის სამიზნე გახდნენ. აფეთქებებისა და ხანძრების შესახებ ცნობები კრასნოდარიდან, სტავროპოლის მხარიდან და დაღესტნიდან გავრცელდა.
კრასნოდარში დრონების თავდასხმის შემდეგ ერთ-ერთ საწყობში ხანძარი გაჩნდა. თავდაპირველად რუსეთის ხელისუფლებას ობიექტის ზუსტი ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა მოგვიანებით კომპანია Ozon-მა დაადასტურა, რომ თავდასხმა მის ლოგისტიკურ ცენტრს შეეხო. კომპანიის წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.
სტავროპოლის მხარის ნევინომისკშიც გავრცელდა ინფორმაცია Ozon-ის მსხვილი საწყობის დაზიანებისა და ხანძრის შესახებ. რეგიონში ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა. სტავროპოლის მხარის გუბერნატორის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალები ნევინომისკის სამრეწველო ზონაზე მიმართულ დრონების იერიშს იგერიებდნენ და რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
უკრაინული და რუსული Telegram-არხების ცნობით, თავდასხმის შედეგად ხანძარი Ozon-ის ფულფილმენტ-ცენტრშიც გაჩნდა. ცენტრი მდებარეობს ნევინომისკში, პრიოზერნაიას ქუჩაზე. მისი ფართობი დაახლოებით 93,5 ათასი კვადრატული მეტრია და ობიექტი პროდუქციისა და სხვა საქონლის შენახვას, დახარისხებასა და შეკვეთების მომზადებას ემსახურება.
დრონების თავდასხმის შესახებ ცნობები დაღესტნიდანაც გავრცელდა. სოციალური ქსელების ინფორმაციით, დაზიანდა Ozon-ის მსხვილი ლოგისტიკური კომპლექსი ინდუსტრიულ პარკ „ტიუბეში“, სადაც დარტყმის შემდეგ მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ობიექტის საერთო ფართობი დაახლოებით 130 ათასი კვადრატული მეტრია.
რუსეთის ხელისუფლებას დაღესტანში Ozon-ის კომპლექსის დაზიანებასთან დაკავშირებით ოფიციალური დეტალები ამ დროისთვის არ გაუვრცელებია.
Ozon-ი რუსეთის ონლაინვაჭრობის ბაზარზე სიდიდით მეორე მარკეტპლეისია და მხოლოდ Wildberries-ს ჩამორჩება.
ბოლო დღეებში ეს Ozon-ის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების სერიის გაგრძელებაა. მანამდე კომპანიის ობიექტებზე დარტყმების შესახებ ინფორმაცია რუსეთის სხვა რეგიონებიდანაც გავრცელდა.
რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებზე უკრაინულ მხარეს ამ ეტაპზე ოფიციალური პასუხისმგებლობა არ აუღია.
