თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მისი ცხედარი 27 აგვისტოს აღმოაჩინეს, გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დაურ ბუავა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ქართულ-აფხაზური დიალოგისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მხარდამჭერი ვიდეოებით გახდა:
ბუავა თბილისში მშობლიური ტყვარჩელიდან გადმოვიდა და უკან არ დაბრუნებულა.
TikTok-სა და სხვა პლატფორმებზე გამოქვეყნებული ვიდეოების გამო, სადაც იგი აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობდა, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა მას „სახელმწიფო ღალატის“ ბრალდება წაუყენა. სოხუმის რეჟიმის შეფასებით, მისი კონტენტი „საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდას“ ემსახურებოდა.
დევნისა და მუქარის ფონზე, ბუავამ საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული პროცედურით მიიღო.
ბლოგერის გარდაცვალების ზუსტი მიზეზები და გარემოებები საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
