"ძლიერი საქართველო - ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან მოქალაქეების დიდი ნაკადის შემოსვლას გამოეხმაურა.
"ჩვენთვის არაერთი წყაროდან არის ცნობილი, მათ შორის, რუსული ღია წყაროებიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს, მათ შორის, შესაძლო მობილიზაციის გამო, რომელზეც საუბრობს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გამოცემა, Politico.
რა თქმა უნდა, ეს არაერთი რისკის შემქმნელია ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჯერ კიდევ 2021 წელს, "ლელო - ძლიერი საქართველო" საქართველოს დაცვის აქტში მკაფიოდ მოუწოდებდა რეჟიმს იმისაკენ, რომ კონკრეტული ნაბიჯები ყოფილიყო ამ მიმართულებით გადადგმული, ეს მათ შორის, გულისხმობდა მიგრაციული ნაკადის კონტროლს, სავიზო რეჟიმის გადახედვას, საქართველოს აბსოლუტურად არაადეკვატური სავიზო რეჟიმი აქვს. ეს გულისხმობდა იმ ტიპის მექანიზმების შემოღებას და დაწესებას, რაც თავსებადია საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან და ჩვენს დემოგრაფიულ ინტერესებთან.
ამ რეჟიმმა, არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ეს რეჟიმი არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს, ის ემსახურებოდა რუსეთს და მის ეროვნულ ინტერესებს", - თქვა გეგელიამ.
Politico-ს ინფორმაციით, რუსეთის სამხრეთ საზღვარზე, საქართველოს მიმართულებით, კვლავ ნაცნობი მასობრივი გადინების სურათი იკვეთება. ინფორმაციის თანახმად, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით რუსეთის ფედერაცია გასულ კვირას 113 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.
როგორც ცნობილია, ბოლო თვეებში კრემლმა სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით სულ უფრო აგრესიული ზომები მიიღო, გააძლიერა რეზერვისტების შესახებ მონაცემების შეგროვება და გააფართოვა ეროვნული გვარდიის უფლებამოსილებები. ყოველივე ეს კიდევ უფრო აძლიერებს ვარაუდებს, რომ შესაძლოა მორიგი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდეს.
