გერმანიის აღმოსავლეთით მდებარე საქსონია-ანჰალტის მხარეში ჩატარებულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
წინასწარი შედეგებით, პარტიამ ხმათა 43.8% მიიღო, ხოლო მმართველმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) — 17.2%, თუმცა AfD-ს ერთპიროვნული მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობამდე რამდენიმე მანდატი დააკლდა.
პარტიის ადგილობრივმა ლიდერმა, ულრიხ ზიგმუნდმა შედეგებს „სენსაციური“ უწოდა და განაცხადა, რომ AfD-მ მართვის მანდატი მოიპოვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ულტრამემარჯვენე პარტიას გერმანიის არცერთი მხარე არ უმართავს, რის გამოც პოლიტიკურმა ოპონენტებმა არჩევნების შედეგებს გარდამტეხი მომენტი უწოდეს.
შედეგებს უკვე გამოეხმაურნენ საერთაშორისო ასპარეზზეც — აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არჩევნების პროგნოზი Truth Social-ზე გააზიარა, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა AfD-ის გამარჯვებას „ისტორიული“ უწოდა. თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა არჩევნების შედეგები მკაცრად გააკრიტიკა.
AfD-სთან კოალიციაში შესვლაზე ტრადიციული პარტიები უარს ამბობენ, რაც „პოლიტიკური ფაერვოლის“ (Brandmauer) პრინციპით არის განპირობებული. შექმნილ სიტუაციაში მთავარი ყურადღება მემარცხენე პოპულისტურ პარტია BSW-ზე გადადის, რომელმაც პარლამენტში შესვლა მოახერხა და არ გამორიცხავს AfD-სთან გარკვეულ საკითხებზე თანამშრომლობას. თუ კოალიცია ვერ შედგა, ზიგმუნდის თქმით, შესაძლოა რეგიონში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.
