საქართველოს პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინა, თუმცა გამოძიებასთან მათი თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, ორივე მათგანთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებას და ქრთამის აღებაში დახმარებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში, როდესაც ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შესყიდვა საიდუმლო წესით განხორციელდა, რა დროსაც არაკონკურენტული გარემოს შექმნისა და ხელოვნურად გაზრდილი ფასების შედეგად სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
გამოძიების ვერსიით, სქემაში ასევე ჩართული იყო ოცნების იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც ამავე ეპიზოდზე ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს, ხოლო ბიზნესმენისგან მიღებული მილიონობით ლარის ოდენობის ქრთამი მონაწილე პირებს შორის ნაწილდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილი ბრალდება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, პროკურატურა სასამართლოს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შუამდგომლობით მიმართავს: ჯუანშერ ბურჭულაძეს სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (საიდანაც 3 წელს საპატიმროში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობით ჩაეთვლება) და 1 000 000 ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრება, ხოლო ვასილ მხეიძეს — 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა (1 წელი და 2 თვე პატიმრობა, 3 წელი პირობითი) და 100 000 ლარის ჯარიმა.
აღსანიშნავია, რომ ორივე პირი უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და განსაზღვრული აქვთ შესაბამისი სასჯელები.
