რუსულმა დრონებმა ოდესის ოლქში, მოლდოვის საზღვართან მდებარე საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „სტაროკოზაჩეს“ ინფრასტრუქტურას დაარტყეს.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. წინასწარი მონაცემებით, 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, განადგურდა სამგზავრო ავტობუსები, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები. მაშველებმა დარტყმის ადგილიდან 16 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.
ინციდენტის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეჩერებულია.
