აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა აბრაჰამ ჰამადემ განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბოლოო ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმება სავარაუდოდ დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გაფორმდება.
კონგრესმენის თქმით, „ტრამპის მარშრუტს“ (TRIPP-ის პროექტს) შეუძლია ორი ქვეყანა პოლიტიკურად და ეკონომიკურად დააახლოოს, ხოლო სამხრეთ კავკასიის რეგიონი დასავლური ინვესტიციებისა და ვაჭრობისთვის გახსნას. მან ასევე ხაზი გაუსვა სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის მნიშვნელობას, რაც ერევანს დამატებით ალტერნატიულ სავაჭრო გზას მისცემს.
მოსკოვის მხრიდან TRIPP-ის პროექტის კრიტიკასა და ბრალდებებზე, თითქოს შეთანხმება სომხეთში ამერიკული სამხედრო ან სადაზვერვო დანაყოფების განთავსებას ითვალისწინებს, ჰამადემ აღნიშნა, რომ ეს კლასიკური რუსული დეზინფორმაციაა.
მისი თქმით, კრემლი ცდილობს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დემოკრატიის — სომხეთის დესტაბილიზაციას და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დისკრედიტაციას, ხოლო ამერიკულ პროექტს სამხედრო წარმომადგენლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
