სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს პასუხობს, რომელმაც გუშინ, 9 სექტემბერს პარლამენტში მასთან დაკავშირებით კვლავ ყალბი ინფორმაცია გაავრცელა.
რეჟიმს მორალი არ აქვს – იმ უსამართლო განაჩენზეც კი არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება, რითაც ციხეში გამოგვკეტეს საქართველოს სახელით და საზოგადოებისთვის საშიში პირებად, კრიმინალებად გამომაცხადეს. ხელს ბრიუსელისკენ და ევროპელი დიპლომატებისკენ იშვერენ. გრცხვენოდეთ.
მოძალადეს ბოდიში რომ არ უნდა მოვუხადო და რეჟიმს შეწყალება არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება – ღირსების განცდაც საკმარისია. ჩემი საკანი სავსეა გაყალბებული ოქმებით, ცრუ მოწმეების ჩვენებებით, უკანონო ბრალდებებით და სასამართლო გადაწყვეტილებებით, პატიმრობა და დამცირებისთვის ორი წელი საკმარისი თუ არ არის, არ გაგიჭირდებათ, ამჯერადაც რამეს მოიფიქრებთ თუ მოინდომებთ ციხეში ჩემს ჩატოვებას. ძალაუფლება და სახელმწიფო ინსტიტუციები თქვენ ხელშია. მე კი საერთაშორისო მართლმსაჯულებას დაველოდები, იმ დღეს დაველოდები, როცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჩემგან გაწნილი სილის ბრალდებისა და სასჯელის კანონიერებაზე იმსჯელებს.
თქვენც დაელოდეთ ბატონო პაპუაშვილი თქვენ მიერ მიღებული რეპრესიული, რუსული კანონების სამართლიანობასა და მართლზომიერებაზე, კონსტიტუციასა და დემოკრატიულ პროცესებთან შესაბამისობაზეც იმსჯელებს ევროსასამართლო“. გუშინ შალვა პაპუაშვილმა მზია ამაღლობელთან დაკავშირებით არაერთი სიყალბე გაავრცელა, როგორც განაჩენის ნაწილში, ისე საერთაშორისო შეფასების თვალსაზრისით. „აღარავინ მსოფლიოში არ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო“ – თქვა პაპუაშვილმა, მაშინ, როდესაც ზუსტად ერთი თვის წინ საფრანგეთის, ბრიტანეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, პოლონეთის საელჩომ განაცხადეს, რომ სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს და მოუწოდებენ ხელისუფლებას, ის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ.
