უკრაინა-პოლონეთის საზღვართან ახლოს, ვარშავაში მიმავალ სამგზავრო მატარებელზე რუსული დრონით განხორციელებული თავდასხმა დასავლეთის ქვეყნების დაშინებასა და კიევის მხარდაჭერის შეწყვეტას ისახავდა მიზნად — ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ფინეთში, არქტიკის სამიტზე ჩასვლისას განაცხადა.
„ამ თავდასხმის მიზანია დასავლეთის ქვეყნების დაშინება, რათა მათ შეწყვიტონ უკრაინის მხარდაჭერა და თავი შეიკავონ იქ ჩასვლისგან მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის“, — აღნიშნა კალასმა. მის პოზიციას დაეთანხმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბაროც, რომლის თქმითაც დარტყმები ევროპელების დათრგუნვასა და გაყოფას ემსახურება.
უკრაინის სახელმწიფო რკინიგზის ოპერატორის ცნობით, რუსული დრონი ვოლინის ოლქში, საზღვრიდან ორ კილომეტრში, მატარებლის ლოკომოტივს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა თავდასხმა განხორციელდა მას შემდეგ, რაც იმავე მარშრუტზე გაიარა მატარებელმა, რომელშიც მაღალი რანგის დასავლელი ოფიციალური პირები და მრჩევლები იმყოფებოდნენ.
მგზავრებს შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი ხელმძღვანელი დევიდ პეტრეუსი და დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონათან პაუელი. უკრაინულ მხარეში აცხადებენ, რომ „საკმაოდ სავარაუდოა, რომ რუსული დრონის რეალური სამიზნე სწორედ ეს დიპლომატიური მატარებელი ყოფილიყო“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმა დაადასტურა და განაცხადა, რომ იერიში მიიტანეს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ევროპიდან „სამხედრო ტვირთის გადასაზიდად“ გამოიყენება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის ძალები „პირდაპირ აკაკუნებენ ევროკავშირისა და ნატოს კარებზე“ და მოკავშირეებს პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების მაქსიმალურად გამკაცრებისკენ მოუწოდა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მანამდეც გააფრთხილა ევროპა მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოლდოვა-უკრაინის საზღვარზე იერიში მიიტანა (რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა). ტუსკის თქმით, მოსალოდნელია მსგავსი პროვოკაციული თავდასხმები უკრაინის საზღვრებთან მდებარე სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის პოლონეთში.
სასაზღვრო დარტყმის ფონზე, ევროპაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ რუსეთის ჰიბრიდულ და დივერსიულ ქმედებებზე, მათ შორის გერმანიაში აღმოჩენილ ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ დრონზე, შავ ზღვაში რუმინეთის მიერ გაუვნებელყოფილ საზღვაო დრონსა და გერმანული კონცერნ Rheinmetall-ის ხელმძღვანელის წინააღმდეგ დაგეგმილ თავდასხმის მცდელობებზე.
