ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია სიტყვის თავისუფლება და ამ კონტექსტში, ამბობს, რომ ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს შეუძლია "ილაპარაკოს, რაც უნდა".
ამასთან, მან თქვა, რომ სუს-ის ყოფილი უფროსისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯა "ძალიან სამწუხაროა", თუმცა აქვე აღნიშნა, რომ "კანონი უნდა აღსრულდეს".
"ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. დანარჩენზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ჩემთვის ადამიანურად სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ესეც გუნდისთვის არის დისკომფორტი, რომ იყო გუნდის ყოფილი წარმომადგენელი, მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც აღმოჩნდა გახვეული ასეთ ქმედებებში. ძალიან მძიმეა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს. [...]
ილაპარაკოს რაც უნდა, ეს არის ნებისმიერი პატიმრის უფლება, საქართველოში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი", - თქვა მან.
ჟურნალისტებთან საუბრისას კითხვაზე, ხედავს თუ არა ქართული ოცნება საფრთხეს გრიგოლ ლილუაშვილისგან, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ "იმდენად სუფთად მუშაობს ქართული ოცნების ხელისუფლება - ლაპარაკებს, სპეკულაციებს არასდროს მოჰყოლია რაიმე შედეგი".
"იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ბრალდებით, ძირითადად ეს იყო კორუფციული ბრალდებები კონკრეტული თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ლაპარაკებს არასდროს არ მოჰყოლია რაიმე შედეგი. ვერაფერი ვერ თქვეს ხელისუფლებაზე იმდენად სუფთაა ჩვენი საქმიანობა და მისი წესები. მათ შორის ღარიბაშვილს ვგულისხმობ.
[...] იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ასეთ საუბრებს, სპეკულაციებს არასდროს აქვს ხოლმე რაიმე შედეგი. დისკომფორტი არის ის, როდესაც ყოფილი პრემიერი ხვდება ციხეში, კონკრეტული ბრალდებით, ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა, რომ კორუფციის ბრალდებით მოუხდა ციხეში წასვლა. უმჯობესი იყო, არ ჰქონოდა ასეთი საქმიანობა წარსულში.
კორუფცია არის ძალიან ცუდი და როდესაც ადამიანს აქვს წაყენებული კორუფციასთან დაკავშირებით ბრალდება და ეს ბრალდება შემდეგ არის დადასტურებული, ამას ვერანაირად ჩამოიწმენდ განცხადებებით თუ წერილებით. ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ წარსულზე და ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია არის ცუდი. კორუფციას ვერავინ გადაფარავს ვერც წერილებით, ვერც განცხადებებით. [...] იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის სახით, რომ ასეთ საუბრებს არასდროს არ ჰქონია რაიმე შედეგი. გუნდი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მუშაობს სუფთად", - ამბობს ირაკლი კობახიძე.
