logo
ENG



ორიგიორგი თარგამაძის ედიტორიალი: №21 - ორი საქართველო - და გათიშული 112 - სიმბოლოების კვირა

20 სექ 202618:20
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/20/oydcbxd5vdh3wl6.jpeg

ეს კვირა საქართველოს მდგომარეობის ზედმეტად ზუსტ ილუსტრაციად იქცა.
დასავლეთ საქართველოში უხვმა ნალექმა და მეწყერმა სარკინიგზო მოძრაობა გააჩერა. ბათუმი მეორე დღეა დატბორილია და ქალაქში გადაადგილება უკიდურესად გართულებული. თბილისში ჯერ ისევ ვერ გაგვირკვევია, რამ მოწამლა ასზე მეტი საბავშვო ბაღის აღსაზრდელი და თანამშრომელი. დედაქალაქის ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სკოლა მოულოდნელად დახურეს - ხელისუფლება ამტკიცებს, რომ შენობა სეისმურად იმდენად არამდგრადია, უნდა დაინგრეს.

დღეს კი 112-იც გაითიშა.
ნომერი, რომელზეც ადამიანი ყველაზე მძიმე წუთებში რეკავს, თავად აღმოჩნდა მიუწვდომელი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს ალტერნატიული ტელეფონის ნომრები გამოუქვეყნა - თუ დახმარება დაგჭირდათ და სახელმწიფოს მთავარ საგანგებო ნომერს ვერ უკავშირდებით, აქ დარეკეთო.

ცალ-ცალკე ყველა ამ შემთხვევას შეიძლება თავისი მიზეზი ჰქონდეს. ერთად კი ერთ ძალიან მძიმე და შემაშფოთებელ სურათი ყალიბდება: ქვეყანა, რომელშიც ქალაქები ლამის ყოველ კვირას იტბორება, რკინიგზა ჩერდება, ბავშვები მასობრივად იწამლებიან, სკოლა მოულოდნელად იხურება და ბოლოს საგანგებო დახმარების ნომერიც ითიშება.

ამ კვირაში საქართველოს განათლების სისტემის მდგომარეობა ორი ერთნაირი ნომრის სკოლის ამბავმა, კიდევ უფრო ზუსტად კი - ხელისუფლების ამ მოვლენებისადმი დამოკიდებულებამ დაგვანახა.
თბილისში, სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, №21 სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს ღამით გამოუცხადეს, რომ მეორე დღიდან სწავლა შეწყდებოდა - შენობა იმდენად ავარიულია, რომ რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება და დემონტაჟს საჭიროებს.
სკოლა, რომელსაც ხანგრძლივი და ღირსეული ისტორია აქვს, ერთ ღამეში დაცარიელებისა და გაქრობის მოლოდინში აღმოჩნდა.
ბუნებრივია, გაჩნდა კითხვები: როგორ შეიძლება, ასეთი რამ მოულოდნელად გაირკვეს? რატომ დადგინდა შენობის მდგომარეობა მხოლოდ სასწავლო წლის დაწყების შემდეგ? და თუ საფრთხე მართლაც ასეთი რეალური იყო, მანამდე რატომ დადიოდნენ ბავშვები იქ?

მშობლებს და არამარტო მათ კიდევ ერთი ეჭვიც აქვთ. ქალაქის ცენტრში მდებარე სკოლის ტერიტორია, მის გვერდით არსებულ და უკვე გასხვისებულ სპორტული სკოლის სივრცესთან ერთად, შესაძლოა დეველოპერული ინტერესის საგანს წარმოადგენდეს.

ჯერჯერობით ეს დადასტურებული ფაქტი არ არის. მაგრამ კალაძის ქალაქში, სადაც საზოგადოებრივი სივრცეების ბედი უმეტესად დახურულ კარს მიღმა, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ და კორუმპირებული ჩინოვნიკების ხარბი მადის დასაკმაყოფილებლად წყდება, ასეთი ეჭვი სრულიად კანონზომიერია.
იმავე დღეებში თბილისის ოც ბაგა-ბაღში ინტოქსიკაციის ნიშნები ასზე მეტ ბავშვსა და თანამშრომელს გამოუვლინდა. პათოგენის სახელი დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს გვამცნო, მაგრამ ზუსტად რამ გამოიწვია მოწამვლა, საბოლოოდ ჯერ ისევ დაუდგენელია.

ანუ სახელმწიფოსთვის მინდობილ ერთ სივრცეში ბავშვებმა საკვები მიიღეს და საავადმყოფოებში აღმოჩნდნენ. მეორე სახელმწიფო დაწესებულებაში კი სასწავლო წელი დაიწყეს და რამდენიმე დღეში „აღმოაჩინეს“, რომ სკოლა იმდენად ავარიულია, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება და უნდა დაინგრეს.
მაგრამ ხელისუფლება არც კლინიკებში იყო და არც თბილისის №21 სკოლასთან.
მერი კალაძე რომ არსად გამოჩენილა, ცალკე ამბავია. აი, პრემიერი კობახიძე და განათლების მინისტრი მიქანაძე კი ბათუმში იდგნენ და საზეიმოდ ხსნიდნენ - რაოდენ დაუჯერებლად და სიმბოლურადაც უნდა ჩანდეს - ასეთივე ნომრის №21 სკოლას. პირდაპირი ტრანსლაცია, დრონის კადრები, საზეიმო ლენტები, მილოცვები და „ოცნების“ განათლების რეფორმით ტრაბახი.

საქმე ის კი არ არის, რომ ბათუმში ახალი სკოლის, თუნდაც საგრძნობი დაგვიანებით გახსნა ვინმეს არ გვიხარია. პირიქით. საქმე ისაა, სად ირჩევს ხელისუფლება ყოფნას, როდესაც საზეიმო კადრსა და მძიმე რეალობას შორის არჩევანია გასაკეთებელი.

ბათუმში ახალი №21 სკოლა გახსნეს. თბილისში №21 სკოლიდან ბავშვები გამოიყვანეს.
ერთ ადგილას პომპეზური სცენა იდგა, მეორეგან - შოკირებული და შეშფოთებული მშობლები და გაურკვეველი მომავლის გამო სრულიად დაბნეული ბავშვები. იქ ხელისუფლება საკუთარ წარმატებაზე საუბრობდა, აქ კი ადამიანები მისგან პასუხს ითხოვდნენ.

რა თქმა უნდა, ეს ერთი დღის უხერხული დამთხვევა არა. ეს „ქართული ოცნების“ მმართველობის მოდელია: ხელისუფლება იქ არის, სადაც საზეიმო ლენტია და ქრება, ორთქლდება იქიდან, სადაც მომხდარზე პასუხისმგებლობაა ასაღები.
ამ უტიფარი უპასუხისმგებლობისა და არაანგარიშვალდებულების ხარისხით ნელ-ნელა კი არა - სწრაფად ვემსგავსებით რუსეთს, სადაც ამ დღეებში არჩევნები ჩატარდა, თუმცა არჩევანი უკვე აღარ არსებობს. ერთადერთი ლეგალური ანტისაომარი პარტია არჩევნებიდან მოხსნეს, რეალური მოწინააღმდეგეები კი დაპატიმრებული, განდევნილი ან მკვდრები არიან.
საარჩევნო ყუთები დარჩა. არჩევნები - აღარ.

რა კავშირი აქვს პუტინის საარჩევნო სპექტაკლს იმასთან, რაზეც ახლა ვსაუბრობთ?
პირდაპირი.
ავტორიტარიზმი მხოლოდ მაშინ არ იწყება, როდესაც ოპოზიციურ პარტიას კრძალავენ. ის გაცილებით ადრე აჩენს ნიშნებს - როდესაც ჟურნალისტის ან უბრალო მოქალაქის კითხვას მტრობად მიიჩნევენ; როდესაც მიღებულ გადაწყვეტილებას ღამით და ისიც მხოლოდ შესასრულებლად გაცნობენ; როდესაც დაწესებულების უსაფრთხოებაზე, ბავშვების მოწამვლაზე, დატბორილ და საცხოვრებლად გამოუსადეგარ ქალაქებზე, დაცლილ და გაპარტახებულ სოფლებზე პოლიტიკურად პასუხს არავინ აგებს, ხოლო სიმართლის ნაცვლად პომპეზურ და ყალბ ოფიციალურ ცერემონიას გჩრიან.

რუსეთისკენ მიმავალ ტრაექტორიაზე კარგა ხანია ვართ. მთავარი კითხვა ახლა ისაა, როგორ უნდა შემოვატრიალოთ ქვეყანა კვლავ ევროპული განვითარებისკენ.
ამის მაგალითიც ისევ ევროპამ მოგვცა - ოღონდ უნგრეთში, ქვეყანაში, რომელსაც ორბანის მმართველობამ და რუსული პროპაგანდის დომინაციამ ევროპულ სივრცეშიც კი თითქმის შეუცვალა პოლიტიკური მიმართულება.
ორბანის პროპაგანდისტული მანქანა მაშინ დამარცხდა, როდესაც ხელისუფლებამ საკუთარი გამოგონილი რეალობა თავად დაიჯერა. წლების განმავლობაში ხალხს არწმუნებდნენ, რომ არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის იყო. ოპოზიციამ კი ხელისუფლების მიერ თავს მოხვეულ კამათში შესვლის ნაცვლად ყოველდღიურ რეალობაზე ლაპარაკი არჩია - ფასებზე, კორუფციაზე, საჯარო სერვისებსა და გაუარესებულ ცხოვრებაზე.
პროპაგანდამ მოქალაქეს უთხრა და საქართველოში, აგერ დღესაც - ფეხბურთელ გველესიანის პირით ეუბნება, რომ მთავარი საფრთხე სადღაც გარეთაა . მოქალაქე კი საკუთარ სამზარეულოში, საავადმყოფოსა და სკოლაში სულ სხვა რეალობას ხედავს.
სწორედ ეს არის ქართული ოპოზიციისა და მთლიანად საზოგადოების წინაშე მდგარი ამოცანაც - არ იცხოვროს ხელისუფლების მიერ დაწერილ სცენარში. აჩვენოს არა მხოლოდ ის, რასაც რეჟიმი ამბობს, არამედ ის, რასაც ადამიანი ყოველდღიურად საკუთარ თავზე განიცდის.
იმიტომ, რომ ქვეყნის მდგომარეობა საზეიმოდ გახსნილი ერთი სკოლით არ იზომება. ის იზომება იმით, რამდენად უსაფრთხოდაა ბავშვი ბაღში, რამდენად მყარად დგას მისი სკოლა, რამდენად გამართულად მუშაობს რკინიგზა და რამდენად სწრაფად მოდის სახელმწიფო იქ, სადაც მოქალაქეს უჭირს.
ამ დღეებში ნიშნები ნამდვილად არ გვაკლდა.
ვნახეთ ორი №21 სკოლა.

ერთი - ხელისუფლების სარეკლამო-პროპაგანდისტულ ეკრანზე.

მეორე - ნამდვილ საქართველოში.
და ბოლოს 112-იც გაითიშა.

კიდევ რა ნიშანი უნდა მოგვცეს განგებამ, ან უბრალოდ მიწიერმა რეალობამ, რომ დავინახოთ, რომელ და როგორ საქართველოში ვცხოვრობთ?


close დახურვა