საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრები სტრასბურგში ევროსაბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
"სამართლიანი არჩევნების" ყოფილი ხელმძღვანელის და საარჩევნო საკითხების სპეციალისტის, ნინო დოლიძის განცხადებით, შეხვედრა გამართეს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალან ბერსესთან, რამაც გამოკვეთა, რომ ევროსაბჭოში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ კარგად იციან. მისი თქმით, ასევე კარგად იციან, რომ საქართველოს არ აქვს არანაირი პროგრესი მიუხედავად იმისა, რომ არაერთი რეზოლუცია იქნა მიღებული და არსებობს არაერთი მოთხოვნა თუ პირობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ადვოკატირებას, თუმცა ნათელია, რომ ჩვენი პარტნიორები საქართველოსგან ელიან ცვლილებას. ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით და იქნებიან ბოლომდე იმისთვის, რომ დაიცვან საქართველოში დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა", - თქვა დოლიძემ.
ქართული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმაც, სადაც აღნიშნა, რომ შეხვედრა ძალიან ღირებული იყო და გამოკვეთა საკითხები, სადაც ევროსაბჭოს თავისი გავლენის გაძლიერება შეუძლია.
