უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ პარტნიორებისგან ახალი რაკეტების პაკეტი მიიღო.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკელ და ნორვეგიელ პარტნიორებს NASAMS-ის სისტემისა და მისთვის განკუთვნილი რაკეტების პაკეტისთვის, ასევე საფრანგეთსა და გერმანიას საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერის პაკეტისთვის.
ზელენსკიმ გასულ ღამეს რუსული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ იერიშებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის შესაჩერებლად პარტნიორების დახმარება მნიშვნელოვანია.
"ჩვენს ქალაქებსა და თემებში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობა პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ისინი უბრალოდ ტერორისტები არიან, რომლებიც სიცოცხლეს, ჩვენს ხალხსა და მხოლოდ სამოქალაქო ობიექტებს ესხმიან თავს - დღე და ღამე.
კიევში დაზიანდა კიევ-პასაჟირსკის რკინიგზის სადგურის დეპო, მონაცემთა ცენტრები, ბიზნესცენტრები და საცხოვრებელი შენობები. ოდესის ოლქში დარტყმები განხორციელდა საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, საერთო საცხოვრებელზე და ორ უცხოურ გემზე. გასულ ღამეს რუსეთის თავდასხმის სამიზნე ასევე გახდა კიევის, დნიპროს, ხარკოვის, სუმის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ჟიტომირის, ვოლინისა და რივნეს ოლქები. დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტები, ქვესადგურები, სამოქალაქო ბიზნესები და საცხოვრებელი შენობები.
გასულ ღამეს წარმატებით მოხდა სამიზნეების, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების, ჩაჭრა. მადლობა ყველას, ვინც ჩვენი თავდაცვის საქმეშია ჩართული და ვინც ჩვენს შეთანხმებებს ასრულებს.
მადლიერი ვარ ჩვენი ამერიკელი და ნორვეგიელი პარტნიორების NASAMS-ის სისტემისა და მისთვის განკუთვნილი რაკეტების პაკეტისთვის. მადლობას ვუხდი საფრანგეთსა და გერმანიას საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერის პაკეტისთვის, რომელიც მათ ბოლო დღეებში მოგვაწოდეს, კერძოდ, რაკეტებისთვის.
რუსეთის ყოველდღიური ესკალაციის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის დაცვამ უწყვეტი მხარდაჭერა მიიღოს და ასეთი პაკეტების მოწოდება გაგრძელდეს. მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეში გვეხმარება", - წერს ზელენსკი.
