კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), შპს "დელივერი ტექნოლოჯის საქართველოს" საჩივრის საფუძველზე, მზა საკვების ონლაინ პლატფორმების ბაზრის შესწავლა დაიწყო.
საჩივარი ეხება Wolt-ისა და Glovo-ს სავარაუდო ქმედებებს, რომლებიც, მომჩივნის შეფასებით, შესაძლოა კონკურენციის წესებს არღვევდეს და სხვა კომპანიებისთვის ბაზარზე საქმიანობას ართულებდეს.
მომჩივანის განცხადებით, Wolt-სა და Glovo-ს გარკვეულ რესტორნებსა და კვების ობიექტებთან გაფორმებული აქვთ ისეთი შეთანხმებები, რომლებიც მათ სხვა ონლაინ პლატფორმებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას უზღუდავს.
"მომჩივნის შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა ართულებს ახალი პლატფორმების ბაზარზე შესვლას და შესაძლოა უარყოფითად აისახოს კონკურენციის პირობებზე და აღნიშნულ ქმედებებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაძლო დარღვევად მიიჩნევს.
მომჩივანი და მოპასუხე კომპანიები მართავენ ონლაინ პლატფორმებს, რომელთა საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ მზა საკვების, სურსათისა და სხვა პროდუქტების ონლაინ შეკვეთა და მიღება. პლატფორმებზე რესტორნები, მაღაზიები და სხვა სავაჭრო ობიექტები საკუთარ პროდუქტებსა და შეთავაზებებს ათავსებენ, მომხმარებლები კი სასურველ პროდუქტს ონლაინ ირჩევენ, იხდიან თანხას და შეკვეთას, როგორც წესი, საკურიერო მომსახურების საშუალებით იღებენ. ამრიგად, აღნიშნული ონლაინ პლატფორმები ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, რესტორნებსა და სავაჭრო ობიექტებს და მათ შორის პროდუქტისა და მომსახურების მიღება-გაცვლის პროცესს უზრუნველყოფენ.
სააგენტო მოკვლევის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და შეაფასებს, დაირღვა თუ არა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
ამ დროისათვის, GCCA-ი ოთხ საკითხზე ახორციელებს მოკვლევას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
