logo
ENG



ქართველი ებრაელი ექიმი Flydubai-ს რეისზე დაჭრილ პილოტს დაეხმარა და სიცოცხლე გადაარჩინა

30 სექ 202623:39
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/30/dg3jiojnh2rjike.png

გამოცემა Ynet-ის მიერ გავრცელებული ახალი, დეტალური ინფორმაციით ირკვევა, რომ Flydubai-ს რეისზე (FZ1073) მომხდარი თავდასხმის დროს, რომელსაც კაბინაში ომანელი თანაპილოტი ახორციელებდა, თვითმფრინავში მყოფმა ქართველმა ებრაელმა სტომატოლოგმა, შოთა მუსაევმა, უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. როგორც ექიმი იხსენებს, ყვირილის გაგონებისთანავე ის დაუფიქრებლად გაქანდა კაბინისკენ.

„არ დავმელოდებივარ, მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო და გავრბოდი. თავდამსხმელთან დასაპირისპირებლად მივედი და არა სამედიცინო დახმარების გასაწევად“, — აცხადებს შოთა მუსაევი. რამდენიმე მგზავრთან ერთად მან შეძლო თავდამსხმელის შეკავება და მისი განეიტრალება — მიუხედავად იმისა, რომ პირი წინააღმდეგობას წევდა, მგზავრებმა მისი ხელ-ფეხის შეკვრა რამდენჯერმე შეძლეს, სანამ სიტუაცია არ გააკონტროლეს.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი ბოჭეს, მუსაევი მიხვდა, რომ კაპიტანი სმიტ მაჩჰარი მძიმედ იყო დაშავებული. „პილოტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, თავიდან და ხელებიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. თვითმფრინავში ერთადერთი ექიმი ვივყავი, სისხლდენის შეჩერება შევძელი“, — ჰყვება იგი. მიუხედავად ჭრილობებისა, კაპიტანი კონტაქტური იყო და მგზავრებს უთხრა, რომ 39 წლისაა და ორი შვილი ჰყავს.

ექიმი ასევე იხსენებს კრიტიკულ წუთებს, როდესაც თვითმფრინავმა კოლოსალური სიმაღლე დაკარგა: „100%-ით გვეგონა, რომ ვიღუპებოდით, თვითმფრინავმა ნახევარ წუთში წარმოუდგენელი სიმაღლე დაკარგა“. საბოლოოდ, მგზავრების ყვირილის შემდეგ, კაბინაში სხვა პილოტი შევიდა და ხომალდზე კონტროლი აღადგინა. თვითმფრინავი საუდის არაბეთის ქალაქ ტაბუკში უსაფრთხოდ დაეშვა, სადაც დაჭრილი კაპიტანი ადგილობრივ მედპერსონალს ჩააბარეს. როგორც შოთა მუსაევმა აღნიშნა, პილოტი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიმავალ Flydubai-ს რეისზე (FZ1073) დრამატული ინციდენტი მოხდა, როდესაც ომანელმა თანაპილოტმა კაპიტანს კაბინაში თავს დაესხა, რის შემდეგაც თვითმფრინავმა კოლოსალური სიმაღლე დაკარგა, ხოლო მგზავრებს ეგონათ, რომ იღუპებოდნენ.


close დახურვა