ესტონეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ტერიტორიის გავლით რუსეთისა და ბელარუსის მარცვლეულის ტრანზიტი სრულად აიკრძალა. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგიუს ცაჰკნამ განაცხადა.
დიპლომატის თქმით, რუსეთი აქტიურად ესხმის თავს უკრაინულ პორტებს და ბლოკავს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, პარალელურად კი საკუთარი პროდუქციისთვის ახალ საექსპორტო მარშრუტებს ეძებს. ცაჰკნამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესტონეთი აგრესორ ქვეყანას ასეთ შესაძლებლობას არ მისცემს.
„ესტონეთი არ დაეხმარება რუსეთს ომის დაფინანსებაში ან მისთვის აგრესიის წარმოების გაადვილებაში,“ — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ რუსული მარცვლეულის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით გეგმების შეუდგენლობაზე მან პარტნიორები ჯერ კიდევ სექტემბერში გააფრთხილა.
