logo
ENG



გერმანიის ელჩი: ოთხივე გერმანული ფონდი იძულებულია, დროებით შეაჩეროს საქმიანობა

03 ოქტ 202611:31
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/03/s9fueu535kbj223.png

საქართველოში გერმანიის ელჩმა, ბარბარა ფოსმა, თბილისში გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოში მოქმედი გერმანული ფონდების ოფისების დახურვისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. 

"ჩვენი ოთხივე ფონდი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მხარს უჭერდნენ საქართველოსა და მის მოსახლეობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო იძულებული გახდა, დროებით შეეჩერებინათ საქმიანობა… ეს მოვლენები ასევე ართულებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს", - განაცხადა ფოსმა.

ფოსმა აღნიშნა, რომ მისი ელჩობის პერიოდში გერმანია-საქართველოს ურთიერთობების შენარჩუნება მის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

"მომდევნო წლებში, როგორც ელჩი, პირადად დავუთმობ ჩემს ძალისხმევას იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად შევინარჩუნოთ ის, რაც საქართველოსა და გერმანიას შორის აშენდა...", - აღნიშნა ელჩმა.

ფოსმა ასევე ისაუბრა საქართველოს უნივერსიტეტებში არსებულ ვითარებაზე და განსაკუთრებული ყურადღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე გაამახვილა. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ეს უნივერსიტეტი "საქართველოს საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე ცნობილ უნივერსიტეტად" ჩამოყალიბდა.

მისი განცხადებით, უნივერსიტეტი, რომელმაც "უზარმაზარი ფინანსური რესურსები, განსაკუთრებით გერმანიისგან" მიიღო და კვლევით სფეროში გერმანიასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა, ახლა "არსებობის საფრთხის" წინაშე დგას.

ფოსმა დასძინა, რომ საქართველოს მთავრობასთან დიალოგისას აღნიშნულ საკითხს დააყენებს.

თავდაპირველად, გერმანიის ელჩის კომენტარი OC MEDIA-მ გაავრცელა რომელიც ელჩის სიტყვით გამოსვლას ესწრებოდა.

ცნობისთვის, საქართველოში მოქმედმა უმსხვილესმა საერთაშორისო და გერმანულმა ორგანიზაციებმა მუშაობა შეწყვიტეს. "ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის" (FNF) და კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) თბილისში მდებარე ოფისებს ხურავენ. 

როგორც ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა 2026 წლის 30 სექტემბერს, გამგეობის გადაწყვეტილებით და გარდაუვალი აუცილებლობით მოხდა. ფონდის ცნობით, მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩო, ასევე უცხოური დაფინანსების შესახებ ახალი კანონი, ორგანიზაციას საქმიანობის გაგრძელების საშუალებას აღარ აძლევს.

ფონდმა გრანტების შესახებ კანონის ფარგლებში განაცხადი შეიტანა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ პროგრამის თითოეული კომპონენტი მთავრობის პრიორიტეტებს დაქვემდებარებოდა და ყველა აქტივობაზე შესაბამისი ნებართვა ყოფილიყო გაცემული. აღნიშნული მოთხოვნა ფონდმა ლიბერალური ორგანიზაციის სამოქმედო თავისუფლების სრულ მოსპობად შეაფასა.

KAS-ის გადაწყვეტილებით პირველ ოქტომბერს ასევე ცნობილი გახდა, რომ თბილისში თავისი წარმომადგენლობა კონრად ადენაუერის ფონდმაც (KAS) დახურა, რომელიც საქართველოში 2003 წლიდან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობას ემსახურებოდა.


close დახურვა