მოსკოვის რეგიონის ოთხივე აეროპორტმა - "ვნუკოვომ", "შერემეტიევომ", "დომოდედოვომ" და "ჟუკოვსკიმ" დრონების საფრთხის გამო ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა.
მედიის ინფორმაციით, მოსკოვის სამხრეთ რაიონების მცხოვრებლები საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობისა და აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ.
FlightRadar24-ის მონაცემებით, შეფერხებებმა ყველაზე მეტად "ვნუკოვოს" აეროპორტი დააზარალა: რეისების 40%-ზე მეტი დაგვიანებულია, დაგვიანების საშუალო ხანგრძლივობა 102 წუთს შეადგენს, ხოლო რეისების კიდევ 10% გაუქმებულია.
ასევე, იაროსლავის ოლქის თავზე ჩამოაგდეს სადაზვერვო დანიშნულების მცირე ზომის საჰაერო ბურთები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიიდან იყო გაშვებული. ამის შესახებ რეგიონის უსაფრთხოების სამინისტრომ განაცხადა.
"ასეთი ობიექტების განადგურების სამუშაოები გრძელდება. მოვუწოდებთ მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და იხელმძღვანელონ ოფიციალური წყაროების შეტყობინებებით", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საჰაერო შეტევის გამო პუტინის თვითმფრინავი მოსკოვში ვერ დაჯდა.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პუტინი და მისი დელეგაცია თურქმენეთიდან 4 თვითმფრინავით ბრუნდებოდა, მათგან 2 პეტერბურგის აეროპორტში გადაამისამართეს, 2 კი, მოსკოვის ცაზე დაფრინავს. ჯერჯერობით უცნობია რომელ თვითმფრინავში იმყოფება პუტინი.
