საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში, მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, 309 კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი საუდის არაბეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს აეროპორტზე მიმდინარე კვირაში განხორციელებული მესამე თავდასხმაა. დაღუპულთა შორის საუდის არაბეთის ოთხი, ბანგლადეშის ორი და სხვა ქვეყნების ექვსი მოქალაქეა. დაშავებულთაგან ზოგიერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
თავდასხმის შემდეგ აეროპორტის მუშაობა დროებით შეჩერდა, რეისები კი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტებს ოფიციალურად არ აუღიათ. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა სამხედრო კოალიციამ საპასუხო ზომების მიღების პირობა დადო. ჰუსიტებმა კი საუდის არაბეთთან შეთანხმებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს, რათა აეროპორტები, საზღვაო პორტები და სხვა ჰუმანიტარული ობიექტები სამხედრო დაპირისპირებისგან დაცული იყოს.
