გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებზე ისაუბრეს.
საუბრის შემდეგ, გერმანიის კაცლერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები უნდა შეწყვიტოს.
"რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს, რაც უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება", - დაწერა მერცმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა, სავარაუდოდ, ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. მან მხარეებს ასევე მოუწოდა, ზავი არ დაარღვიონ.
უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიას და ზავისთვის მზად არ არის.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, შეწყვიტოს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმები, თუ მოსკოვიც ანალოგიურად მოიქცევა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ რუსეთს მანამდეც არაერთი წინადადება შესთავაზა, თუმცა კრემლი მათ ყოველთვის უარყოფდა.
