უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ომის დასრულებისთვის მზადყოფნის არანაირ ნიშანს არ ავლენს და მისი მოქმედებები მშვიდობის მიღწევას კიდევ უფრო აშორებს.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ღამით უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმებს დილით ხარკოვზე თავდასხმა მოჰყვა. მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთმა ასევე დაარტყა რივნეში მდებარე სავაჭრო ცენტრსა და ოთხ რეგიონში არსებულ ენერგეტიკულ ობიექტებს.
„ამჟამად რუსეთისგან არანაირი სიგნალი არ არსებობს, რომ ის საკუთარი ნებით მზად არის ამ ომის დასასრულებლად. მისი სიგნალები ამის საპირისპიროზე მიუთითებს და, რა თქმა უნდა, მშვიდობისაკენ სვლას არ აახლოებს“, — წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკრაინისთვის შემდგომი დახმარების საკითხები, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და საჰაერო თავდაცვის მიმართულებით. ასევე იმსჯელეს უკრაინის ფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერაზე, მათ შორის მომავალი წლის საჭიროებებზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროპული ლიდერობის მნიშვნელობას უკრაინის მოსახლეობის რუსული თავდასხმებისგან დასაცავად და მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის.
