logo
ENG



პაპუაშვილი სანაიას პატიმრობაზე: თუ საჯარო სივრცეში უხამსობის სითამამე აქვს, პასუხიც უნდა აგოს

19 ოქტ 202613:32
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/19/vofawth05vvaqsb.png

,,ოცნების" თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის ადმინისტრაციული წესით 30-დღიანი პატიმრობის შეფარდების საკითხზე კომენტარი გააკეთა. პაპუაშვილის განცხადებით, საჯარო სივრცეში უხამსობა მიუღებელია და შექმნილი საკანონმდებლო ბაზა სწორედ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.

„თუ ვახო სანაიას ჰყოფნის სითამამე, რომ საჯარო სივრცეში იყოს უხამსი, მაშინ ის სითამამეც უნდა ეყოს, რომ ამაზე პასუხი აგოს — მესმის, რომ როდესაც ევროკავშირის ელჩია თავად ის, ვინც სიძულვილს მხარს უჭერს და აქეზებს, შემდეგ ზოგს ცდუნება აქვს, რომ თავი მოაწონოს ევროკავშირის ელჩს.

ჩემს გამო არა და მე არ ვადევნებ ამას თვალყურს. ჩვენ შევქმენით საკანონმდებლო ბაზა იმისთვის, რომ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფას არ ჰქონდეს ადგილი და შსს-ში არის სპეციალური განყოფილება, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობს ამ საკითხებთან დაკავშირებით ისე, რომ როდესაც ასე გადაწყვეტილებები დგება ხოლმე, ადრესატებმა არც იციან ხოლმე ხშირად და პოსტფაქტუმ იგებენ, რომ მათთან კავშირში იყო ის შეურაცხყოფა საჯარო სივრცეში. მე ამიტომ ნაკლებად ვინტერესდები კონკრეტული საქმეებით, მე ერთადერთი კონკრეტული საქმით ვარ დაინტერესებული - ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა რომ არის გერმანიაში სოცმედიაში შეურაცხყოფის გამო. ეს საქმე მაინტერესებს და მივადევნებ თვალყურს და ასევე, საინტერესოა გერმანიის კანცლერის მიერ შეტანილი საჩივარი, სადაც მან პირადად შეიტანა საჩივარი სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად იმისთვის, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩვენთან სხვანაირად არის სისტემა.

ეს რამე ახალი კი არ არის, ათწლეულებია ეს პრინციპი მოქმედებს, რომ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა არის დაუშვებელი. მგონი, ეს მინიმალური სტანდარტია, რომელიც ყველამ უნდა გაიზიაროს. ადამიანურადაც ასეა და კანონმდებლობითაც ასეა. სიძულვილს ვინც აქეზებს, კი ვნახეთ ჩვენ ევროკავშირის ელჩი, როგორ ცეკვავდა სიძულვილის გამავრცელებელი ხალხის დაკრულზე. ასე რომ, მესმის, როდესაც ევროკავშირის ელჩია თავად ის, ვინც სიძულვილს მხარს უჭერს და აქეზებს, შემდეგ ზოგს ცდუნება აქვს, რომ თავი მოაწონოს ევროკავშირის ელჩს და აჩვენოს, რომ მას მეტი სიძულვილის გამოხატვა შეუძლია, ვიდრე სხვას. მოაწონონ თავი ევროკავშირის ელჩს თუ უნდათ, საქართველოს კანონმდებლობით ყველაფერზე პასუხი მოეთხოვებათ.

სოცმედიაშიც უხამსობა არის შემცირებული, მე მგონი ეს ყველას ინტერესშია უხამსობა, ლანძღვა - გინება არ იყოს საჯარო სივრცეში. არანაირი კავშირი აზრის გამოხატვასთან, უხამსობას არ აქვს და ის არ არის დაცული აზრის გამოხატვის თავისუფლებით. ყველას შეუძლია გადაწყვიტოს, რომ იყოს უხამსი, იყოს სიძულვილის ენის მატარებელი, გადაწყვიტოს, რომ ლანძღვა-გინებით იყოს დაკავებული, მათ შორის ვახო სანაიას შეუძლია იყოს უხამსი, უბრალოდ ამაზე პასუხი არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ასე რომ, თუ მას ყოფნის ეს სითამამე, რომ საჯარო სივრცეში იყოს უხამსი, მაშინ ის სითამამეც უნდა ეყოს, რომ ამაზე პასუხი აგოს“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.


close დახურვა