ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან უიგანდმა "ევროსკოპის" შეკითხვას უპასუხა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ განხილვებზე.
ევროკომისიის პრესპიკერის თქმით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ ამ სარჩელებს, ასევე, ამ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
მისი შეფასებით, ეს მოვლენები, ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ადრინდელ განცხადებებთან ერთად, მიუთითებს სასამართლო სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზაციაზე.
"ეს საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიულ პლურალიზმს და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას. ამიტომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამას და გავაგრძელებთ ამ სარჩელის თვალყურის მიდევნებას'", - თქვა ევროკომისიის პრესპიკერმა.
