პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით შეფასებას აქვეყნებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო".
განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია.
"ვერ აკმაყოფილებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვისთვის საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას და პარტიის აკრძალვისთვის აუცილებელ მტკიცების სტანდარტს.
არ შეიცავს იმ კონკრეტულ, სარწმუნო და საკმარის მტკიცებულებებს, რომლებიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის უკიდურეს ზომას კონსტიტუციურად გაამართლებდა.
სარჩელში აღწერილი მოვლენები არ ადასტურებს, რომ მოპასუხე პოლიტიკური პარტიები კონსტიტუციით პირდაპირ აკრძალულ რომელიმე მიზანს ემსახურებიან ან შესაბამის საქმიანობას ეწევიან.
მოსარჩელეები ვერ ამტკიცებენ ვერც ცალკეული პირების ქმედებების პარტიებისთვის შერაცხვის შესაძლებლობას და ვერც ამ ქმედებებსა და კონსტიტუციით გათვალისწინებულ აკრძალვის საფუძვლებს შორის აუცილებელ კავშირს", - ნათქვამია შეფასებაში.
"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სარჩელით ხუთი ოპოზიციური პარტიის: "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველო - ლელოს", "ფედერალისტები" და "გახარია საქართველოსთვის" საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას ითხოვს.
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა, 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება.
