logo
ENG



პლენუმმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნები სრული შემადგენლობისა და 3 მოსამართლის აცილებაზე

21 ოქტ 202613:35
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/21/qkdf8zcmjr1fhn1.png

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვისას, მოსამართლეების პლენუმის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სხდომაზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოსამართლეთა კოლეგიის სრული შემადგენლობის აცილების შუამდგომლობა დააყენა, ლელო - ძლიერმა საქართველომ კი - 3 მოსამართლის.

პლენუმის გადაწყვეტილება, არ დაეკმაყოფილებინა ეს შუამდგომლობები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გაახმოვანა და განაცხადა: "საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აცილება უბრალოდ იმის გამო, რომ ვინმეს მოსამართლე, მოსამართლის ბიოგრაფია ან მისი განვლილი გზა არ მოსწონს - ეს არ წარმოადგენს მოსამართლის აცილების საფუძველს და ზოგადად, სამართლებრივ საფუძველს საერთოდ მოკლებულია".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანა წითლიძემ შუამდგომლობის დაყენებისას სხდომაზე თქვა, რომ "საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ არ არიან არც თავისუფალი, არც სამართლიანი, ვერ იხელმძღვანელებენ საქართველოს კონსტიტუციით".

ამის შემდეგ, ანა წითლიძემ სხდომის თავმჯდომარის ვასილ როინიშვილის წარსულზე გაამახვილა ყურადღება. მოსამართლე ვასილ როინიშვილი ნაიცონალური მოძრაობის პერიოდში, 2008-2009 წლებში, მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

***

ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყო.

საუბარია შემდეგ პარტიებზე: ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის, ლელო - ძლიერი საქართველო, ფედერალისტები და გახარია - საქართველოსთვის.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს ქართული ოცნების პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. 

88 დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოითხოვს:

  • ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას;
  • ამ პარტიების აკრძალვას;
  • მათი რეგისტრაციის გაუქმებას.

მოსარჩელეთა მტკიცებით, აღნიშნული პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის ქართული ოცნების პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა. 


close დახურვა