საქართველოში მიმდინარე პროცესებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყება შემაშფოთებელს უწოდებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განზრახვას და აცხადებს, რომ ამ წუხილს გერმანული მხარე ქართულ მხარეს გაუზიარებს.
ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, კატრინ დეშაუერმა (DW-ს კითხვაზე პასუხად) აღნიშნა:
„ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს საქართველოში. საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ეს საქმე ამ ტენდენციის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ქვეყანას ევროკავშირისგან სულ უფრო აშორებს და შიდა დემოკრატიას ასუსტებს. ეს არის ჩვენი შეფასება.
ასევე უნდა ითქვას, რომ სასამართლო სისტემის ფართოდ გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, როგორც ეს ევროკომისიამ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საჯაროდ აღნიშნეს, ძალიან პრობლემურია“.
პრესსპიკერის თქმით, აღნიშნული სარჩელი, სხვა მიმდინარე მოვლენებთან ერთად, აზიანებს საქართველოს შიდა დემოკრატიასა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.
