logo
ENG



კონგრესის მომხსენებლები: 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვა ღრმა შეშფოთებას იწვევს

23 ოქტ 202617:50
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/23/23bpm8lrx6h473s.png

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მომხსენებლებმა, ანდერს კნაპემ (შვედეთი) და ურს იანეტმა (შვეიცარია) საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის საკითხზე განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მმართველი პარტიის წევრების მოთხოვნის განხილვა, რომელიც ხუთი  ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ეხება, ღრმა შეშფოთებას იწვევს.

მათი შეფასებით, ასეთი აკრძალვა შესაძლოა სახიფათო ესკალაციად იქცეს და საქართველო კიდევ უფრო დააშოროს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიითა და მისი დამატებითი ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

"დემოკრატია მმართველობის ყველა დონეზე შეუძლებელია პოლიტიკური პლურალიზმისა და ძალაუფლების კონცენტრაციის ეფექტიანი კონტროლის მექანიზმების გარეშე. როგორც მიმდინარე წელს უკვე გავაფრთხილეთ, საქართველოს დემოკრატიის საფუძვლების თანმიმდევრული დემონტაჟი სერიოზული შეშფოთების საგანია.

პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, ათასობით მოქალაქეს შესაძლოა პოლიტიკური კუთვნილების გამო ადგილობრივ დემოკრატიაში მონაწილეობის შესაძლებლობა შეეზღუდოს, რაზეც ვენეციის კომისიამ ცოტა ხნის წინ გაამახვილა ყურადღება. შედეგად, საქართველოს მუნიციპალიტეტებში პლურალიზმი, ფაქტობრივად, აღარ იარსებებს.

ჩვენ კვლავაც მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს, ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის ვალდებულებების შესრულებაში. ყურადღებით დავაკვირდებით როგორც სასამართლო პროცესის მიმდინარეობას, ისე მის გავლენას ადგილობრივ დემოკრატიაზე, რათა უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ხმა იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც უშუალოდ მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა