logo
ENG



პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის საქმეზე ადვოკატისთვის ჩანაწერების შეზღუდვას უარყოფს

29 ოქტ 202620:16
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/29/ugeoeb5wogmp6ox.png

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატის, დარეჯან სულაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მას ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ გელა ისაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გატანის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

უწყების განმარტებით, პენიტენციური კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდებულსა და მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები, რომელთა დამუშავებასაც თავად დაწესებულება უზრუნველყოფს. ამავე კანონის თანახმად, კორესპონდენციის შემოწმება ძირითადად მოიცავს მის ვიზუალურ დათვალიერებას შინაარსის გაცნობის გარეშე. კანონმდებლობა ითვალისწინებს გამონაკლისებსაც — უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებს, თანამშრომელი უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს მისი გაგზავნა.

პენიტენციური სამსახურის ცნობებით, კონკრეტულ შემთხვევაში ადვოკატ დარეჯან სულაშვილის მიერ დაწესებულებიდან გასატან ჩანაწერს მხოლოდ ვიზუალური შემოწმება ჩაუტარდა შინაარსის გაცნობის გარეშე, რის შემდეგაც მასალები ადვოკატს სრულად გადაეცა. უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ადვოკატს ჩანაწერების გატანა აეკრძალა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ყველა აუცილებელი კანონიერი პროცედურის გავლის შემდეგ მას მასალების გატანის სრული შესაძლებლობა მიეცა.


close დახურვა