logo
ENG



მილიბენდი ლავროვს დაუპირისპირდა - გამბედაობა რომ გქონდეთ პუტინს ეტყოდით, რომ ომს ვერ იგებს

31 ოქტ 202610:51
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/31/nv94wnz6jpitd9h.png

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედ მილიბენდი G20-ის მიმდინარე სამიტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, დაუპირისპირდა. 

შეხვედრაზე, მილიბენდმა ლავროვს მიმართა და ისაუბრა მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქეების მკვლელობაზე. მისი განცხადებით, მოსკოვი "ამ ომს ვერ იგებს", რაც უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და მისი მოკავშირეების მხარდაჭერის დამსახურებაა.

"ნება მომეცით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პირდაპირ მივმართო - ჩვენ ყველამ ვიცით, ვინ არის ამ ომში აგრესორი. მოდით, გავიხსენოთ, რა მოხდა გუშინ დნიპროს რკინიგზის სადგურზე. სულ რაღაც გუშინ თქვენმა დრონებმა 15 ადამიანი იმსხვერპლეს.

ამ ომის განმავლობაში არაერთი მსგავსი შემთხვევა ყოფილა, როდესაც თქვენ უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდით. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ აგრესორი თქვენ ხართ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ომი თქვენ დაიწყეთ ოთხი-ნახევარი წლის წინ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით.

მაშინ პუტინს ეგონა, რომ ამ ომს მარტივად მოიგებდა. მაგრამ თქვენ ამ ომს ვერ იგებთ. უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და ამ შეხვედრის მონაწილე ქვეყნების სოლიდარობის წყალობით, თქვენ ამ ომს ვერ იგებთ.

სიმართლის თქმისა და სწორი ნაბიჯის გადადგმის გამბედაობა რომ გქონდეთ, პუტინს ეტყოდით, რომ ის ამ ომს ვერ იგებს და ვერც მოიგებს", - თქვა მილიბენდმა.

მილიბენდმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაგრძელებისა და ვლადიმერ პუტინისთვის იმ შემოსავლების შეზღუდვის აუცილებლობას, რომლებიც მისი თქმით,  "ამ ბარბაროსულ ომს აფინანსებს".

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ცოტა ხნის წინ კრემლის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ხელი შეუშალა.

მანამდე სამიტის დაწყებისას დაგეგმილი ერთობლივი ფოტოსესია გაუქმდა, რადგან მილიბენდმა და ევროპის სხვა ლიდერებმა უარი განაცხადეს სერგეი ლავროვთან ერთად ფოტოს გადაღებაზე. 

ატლანტაში გამართული შეხვედრა მიზნად ისახავს საფუძვლის მომზადებას G20-ის ლიდერთა სამიტისთვის, რომელსაც დონალდ ტრამპი დეკემბერში, მაიამიში მდებარე საკუთარ გოლფ-კლუბში უმასპინძლებს.


close დახურვა