logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "სუფთა ფურცელი" - ინდულიგენცია ისტორიის და პასუხიმგებლობის ანულირებისთვის?!

01 ნოე 202618:03
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/01/ypkxtejqupceq58.jpeg

ერთი ფოტო და რამდენიმე მშრალი წინადადება - ეს არის, რაც ვიცით კორტნი ოსტრიანისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრის შესახებ. ამერიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული მკაცრ შავ სამოსშია. თუმცა დიპლომატის ჩაცმულობაში პოლიტიკური გზავნილის ძებნას სჯობს, გამოქვეყნებული განცხადებები წავიკითხოთ.

ქართული მხარე სტრატეგიული პარტნიორობის "სუფთა ფურცლიდან" აღდგენაზე საუბრობს. ამერიკული - გაცნობით შეხვედრასა და "უფრო პროდუქტიული ურთიერთობის" ჩამოყალიბების გზებზე. ამ ორ ფორმულირებას შორის მანძილი გაცილებით დიდია, ვიდრე პროტოკოლური ტექსტის კითხვისას შეიძლება მოგვეჩვენოს. საელჩოს განცხადებაში პარტნიორობის აღდგენის დაპირება არ იკითხება.

კობახიძე დაზეპირებულ ფრაზას კვლავ მანტრასავით იმეორებს: მზად ვართ ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დავიწყოთო.

მაგრამ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა ცარიელ ფურცელზე ვერ გაგრძელდება. ამ პარტნიორობის ისტორია მოიცავს ათწლეულების შრომას, დახმარებას, ინვესტიციებს, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობაში მხარდაჭერას. ყველაფერი რომ დავივიწყოთ - ამ ისტორიაში ქართველი სამხედროების სისხლიცაა - ამერიკელებთან ერთად შესრულებულ მისიებში დაღვრილი.

ამ ყველაფრის შემდეგ "სუფთა ფურცელი" რას ნიშნავს? თანამშრომლობის გაგრძელებას საერთო პრინციპებზე დაბრუნებით, თუ მოთხოვნას, რომ ვაშინგტონმა მომხდარი დაივიწყოს, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი, დიქტატურისკენ და რუსეთის ვასალად ქცევისკენ აღებული კურსი უცვლელად გააგრძელოს?

ემრიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრის მეორე დღეს კობახიძემ განაცხადა, სანქციებზე არ გვისაუბრიაო. თუმცა იქვე განმარტა: პარტნიორობის აღდგენას ყველა მიმართულებით გაგრძელება მოჰყვება, მათ შორის - სანქციების საკითხზეც. ამიტომ ივანიშვილის პირადი ინტერესის ამ სურათიდან გაქრობა თავად კობახიძის სიტყვებითაც ვერ ხერხდება.

აქ სანქციის საფუძველიც ზუსტად უნდა გვახსოვდეს. 2024 წლის 27 დეკემბერს ამერიკის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურმა ივანიშვილი რუსეთის მავნე საგარეო საქმიანობასთან დაკავშირებული სანქციების რეჟიმში შეიყვანა. სახელმწიფო დეპარტამენტმა მიზეზი მკაფიოდ განმარტა: საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრა რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ. სამართლებრივი საფუძველი კი რუსეთის მთავრობის სახელით, ან მის სასარგებლოდ დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების დამაზიანებელ მოქმედებებში პასუხისმგებლობას, თანამონაწილეობას ან ჩართულობას გულისხმობს.
ასეთი შეფასების შემდეგ ურთიერთობის აღდგენას კობახიძის მიერ "სუფთა ფურცლის" თუთიყუშივით ერთი და იგივე ტონალობაში გამეორებები ვერ ეყოფა. საჭიროა პასუხი: შეიცვალა თუ არა ის მოქმედებები, რომლებმაც ამ შეფასებამდე მიგვიყვანა?


ბოლო კვირების მოვლენები საპირისპიროზე მეტყველებს. ვახო სანაიას პოსტების გამო ერთ თვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს და სამარტოო საკანშია. საკონსტიტუციო სასამართლოში კი ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის მოთხოვნა განიხილება. ეს სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური კონკურენციისა და მოქალაქის არჩევანის წინააღმდეგ მიმართული პროცესები.

ამ ფონზე ამერიკის მკაფიო საჯარო პოზიციის მოლოდინი სრულიად საფუძვლიანია. განსაკუთრებით ადმინისტრაციისგან, რომელიც სიტყვის თავისუფლების დაცვას საკუთარ მთავარ პრინციპად აცხადებს და ამ საკითხზე ევროპელ პარტნიორებსაც კი მკაცრად ელაპარაკება.

შესაძლოა, ამერიკული თავშეკავება ახალჩამოსული დიპლომატისთვის საუბრის შესაძლებლობის დატოვებას ემსახურებოდეს. შესაძლოა, ვაშინგტონის ყურადღება 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ სხვა საკითხებზეა კონცენტრირებული. ეს შესაძლო ახსნაა; დადასტურებით არც დახურული საუბრის შინაარსი ვიცით და არც საჯარო თავშეკავების მოტივი.
მაგრამ მთავარი კითხვა და პრობლემა ჩვენთვის ისაა, როგორ კითხულობს ამ თავშეკავებას ივანიშვილი: როგორც ჯერ კიდევ მისთვის მიცემულ შესაძლებლობას, შეცვალოს დიქტატურისა და რუსეთის მარიონეტად ქცევისკენ აღებული კურსი, თუ როგორც ნიშანს, რომ რეპრესიების გაგრძელება ამერიკელებთან ურთიერთობის აღდგენას ხელს აღარ შეუშლის?
არ ვიცი, რას ფიქრობენ ემრიკელები, მაგრამ სამწუხაროდ, ოცნების ხელისუფლების მოქმედებები ღრმა სკეპტიციზმის საფუძველს გვაძლევს.
საქართველოს ამერიკასთან პარტნიორობის აღდგენა სჭირდება. ოღონდ ამ პარტნიორობაში საქართველოს მოქალაქეც უნდა ჩანდეს - თავისი სიტყვით, უფლებებითა და არჩევანით.


თუ ჟურნალისტები ციხეებში რჩებიან, ოპოზიციას კი არსებობის უფლებას ართმევენ, შეხვედრის პროტოკოლური ფოტო ამ რეალობას ვერ შეცვლის. დიპლომატიური თავაზიანობა პოლიტიკურ თანხმობად არ უნდა იქცეს.
"სუფთა ფურცელი" ვერ იქნება ინდულგენცია იმავე პოლიტიკის გასაგრძელებლად. ურთიერთობის აღდგენა - პასუხისმგებლობის წაშლით ვერ დაიწყება!


close დახურვა