პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ, კრაკოვში მომხდარი სროლის შედეგად, რომელსაც ექვსი ადამიანი ემსხვერპლა და მრავალი დაშავდა, ქვეყანაში ორდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
"პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, პოლონეთის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე 8 და 9 ნოემბერი ეროვნული გლოვის დღეებად გამოცხადდა", - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებაში.
გლოვის პერიოდი შუაღამისას დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ასევე, დაღუპულთა ხსოვნისა და პატივისცემის ნიშნად, გასართობი ღონისძიებები გაუქმდა.
7 ნოემბერს პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მთავარ მოედანზე შეიარაღებული პირი მანქანით შეიჭრა და მოქალაქეების მიმართულებით უმისამართო სროლა დაიწყო.
სამართალდამცავებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით მსროლელი პოლონეთის 24 წლის მოქალაქეა.
