ბათუმში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა. მას ბრალი წარდგენილი აქვს თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით, მათ შორის: კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა, ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება, მძიმე კატეგორიის ქურდობა და ნდობის ბოროტად გამოყენება.
"სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
