logo
ENG



პატიმრებისთვის ობიანი საკვების მიმწოდებელმა სოციალური სასადილოების მომარაგების ტენდერი მოიგო

10 ნოე 202610:59
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/10/ves7fqtoqov8m4r.png

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებით, ბიზნესმენმა რომელიც პატიმრებს უვარგისი, მატლებიანი და ობიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების მომარაგების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო.

"პატიმრების საკვებში ხოჭო, მატლები, ობი და ტარაკანი აღმოჩნდა", - აღნიშნავს გამჭვირვალობა.

საუბარია იაშა ჩაჩუას კომპანია "ილი ჯგუფზე", რომელსაც ციხის კვების კონტრაქტი სისტემატური დარღვევების გამო შეუწყვიტეს. შვიდი თვის შემდეგ კი იმავე ბიზნესმენის მეორე კომპანიამ რუსთავის სოციალური სასადილოების თითქმის 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო, კონკურენტის გარეშე.

"2026 წლის მარტისთვის ციხეებში კვების ხელშეკრულების 375 დარღვევა იყო გამოვლენილი, კომპანიას კი 34.9 მილიონი ლარის პირგასამტეხლო ჰქონდა დაკისრებული. დარღვევების მიუხედავად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ "ილი ჯგუფს" მხოლოდ გაფრთხილება მისცა და შავ სიაში არ შეიყვანა.

პრობლემები არც რუსთავის სოციალური სასადილოებისთვის იყო უცხო: 2021 წელს ბენეფიციარები ლობიოში ქვებსა და მატლებზე, ასევე დაობებულ პურზე ჩიოდნენ. მაშინ ამ სასადილოებს სწორედ ჩაჩუას "ილი ჯგუფი" ემსახურებოდა", - წერს გამჭვირვალობა.

ორგანიზაციის ცნობით, 2021 წლიდან რუსთავის სოციალური სასადილოების შვიდივე ტენდერი ჩაჩუას კომპანიებმა მოიგეს. ბოლო ხუთში კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლიათ. ამ კონტრაქტების ჯამური ღირებულება 15.5 მილიონი ლარია.


close დახურვა