logo
ENG



რუსეთის 27 რეგიონში აივ-ინფექცია მოსახლეობის ფართო ფენებში ვრცელდება

10 ნოე 202615:50
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/10/bxaixjcwcemzq2k.png

მედიის ინფორმაციით, რუსეთში აივ-ინფექცია სულ უფრო ფართოდ ვრცელდება და უკვე მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებით აღარ შემოიფარგლება.

ეპიდემიოლოგიის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში 27 რეგიონში ეპიდემიის გენერალიზებული გავრცელება ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი მოსახლეობის ფართო ფენებშიც ვრცელდება.

რუსეთში აივ-ინფექციის დადასტურებული დიაგნოზი 1.23 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. მხოლოდ 2025 წელს ქვეყანაში ინფიცირების 45 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 13.4%-ით შემცირებულია, სპეციალისტები ვითარებას კვლავ საგანგაშოდ აფასებენ.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კემეროვოს, ირკუტსკისა და სვერდლოვსკის ოლქებში. ამ რეგიონებში აივ-ინფექცია ორსულთა 1%-ზე მეტს დაუდასტურდა.

პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების გავრცელების შემთხვევები. ექსპერტების განცხადებით, ბოლო წლებში საავადმყოფოებში აივ-ინფექციისა და ჰეპატიტის გავრცელების კერები გამოვლინდა, რასაც სანიტარიული ნორმების უხეშ დარღვევებსა და სამედიცინო ინვენტარის არასათანადო გამოყენებას უკავშირებენ.

სპეციალისტები ასევე მიუთითებენ პრევენციისა და მკურნალობის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე. მათი შეფასებით, აივ-ინფექციით მცხოვრები ადამიანების მხოლოდ ნაწილი იმყოფება სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო ინფიცირებულთა დაახლოებით ნახევარს ვირუსული დატვირთვა დათრგუნული არ აქვს.

ექსპერტები პრობლემის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელმწიფო დაფინანსების ნაკლებობას ასახელებენ. მათი პროგნოზით, არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, 2030 წლისთვის რუსეთში აივ-ინფექციით მცხოვრებთა რაოდენობამ შესაძლოა ძალიან დიდ რიცხვს მიაღწიოს.

 


close დახურვა