აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა პენტაგონში ექვსთვიანი პაუზის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრის დროს მან ირანში მიმდინარე ომისა და აშშ-ის სამხედრო ოპერაციების შესახებ ისაუბრა.
თავდაცვის მდივანმა კითხვების დასმის შესაძლებლობა მიანიჭა მემარჯვენე მედიასაშუალებების, მათ შორის One America News-ის, Real America’s Voice-ისა და The Daily Wire-ის წარმომადგენლებს.
ამასთან, მან პასუხი არ გასცა NBC-ისა და სხვა მსხვილი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს, რომლებიც პრესკონფერენციაზე კითხვების დასმას ცდილობდნენ.
პრესკონფერენციის დროს თავდაცვის მდივანი იმპიჩმენტის შესაძლო ინიციატივასაც შეეხო. მან აღნიშნულ პროცესს „ცირკი“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს საკითხი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ გამოწვევებისა, რომლებზეც თავდაცვის უწყება მუშაობს.
„ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასთანაც რეალურად გვაქვს საქმე — უზრუნველვყოთ ოპერატიული მზადყოფნა მსოფლიოს ყველა რეგიონში“, — განაცხადა ჰეგსეთმა.
პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის უწყების მთავარი ამოცანა გლობალური სამხედრო მზადყოფნის უზრუნველყოფაა.
