logo
ENG



რუსეთის მასიური დრონებით შეტევა უკრაინაზე, არის მსხვერპლი და ნგრევა

13 ნოე 202611:19
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/13/mpe2h53w59bimsb.jpg

უკრაინაში რუსული ძალების მიერ განხორციელებული მორიგი მასიური დრონებით შეტევის შედეგად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდა და არიან მსხვერპლი.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 13 ნოემბრის დილით რუსეთის ჯარებმა უკრაინას ჯამში 117 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, საიდანაც 63 რეაქტიული ტიპის იყო. ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ 80 დრონის მოგერიება შეძლო, თუმცა 24 ადგილზე პირდაპირი დარტყმა დაფიქსირდა.

თავდასხმებმა მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია ქვეყნის რამდენიმე რეგიონში. დედაქალაქ კიევის შევჩენკოს რაიონში სამედიცინო დაწესებულების 6-სართულიან შენობას დაარტყეს, რის შედეგადაც შენობის ნაწილი დამწვარი და დანგრეულია. ადგილიდან 37 ადამიანი ევაკუირეს, ერთი პირი კი დაშავდა.

ტრაგედია დატრიალდა ზაპოროჟიეში, სადაც კერძო სახლების რაიონზე მიტანილი იერიშის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა; მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი პირი, მათ შორის ერთი ბავშვი ამოიყვანეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სუმის ოლქის შოსტკის რაიონში დრონების დარტყმას ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, ქალაქში ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა, აგრეთვე დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლები. ვინიცაში იერიშის შედეგად დაზიანდა კერძო და მრავალბინიანი სახლები და საბავშვო ბაღი, სადაც ორი ადამიანი დაშავდა. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა ქალაქ როვნოშიც, სადაც ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა.


close დახურვა