ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ ადვოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
როგორც ადვოკატმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, დაცვის მხარე საქმის ყველა გარემოებას სადავოდ ხდის და ბრალდებას „აბსურდულს“ უწოდებს. საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხეში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა. მათ შორის არიან როგორც პენიტენციური სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნები (გიორგი პატარიძე, რამაზ ფირცხალავა), ისე პატიმრები, მათ შორის ავთანდილ ბილანიშვილი („კაწრო“).
გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე დაადასტურა, რომ დავით ფეიქრიშვილს საკანში 4 დღის განმავლობაში, 16 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე სცემდნენ.
ავთანდილ ბილანიშვილს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
