„ვისთვის შენდება ამდენი კორპუსი?“ - ეს კითხვა მიტროპოლიტმა იობმა ურბნისში, 10 ნოემბრის ქადაგებისას დასვა. მან ახალგაზრდების ემიგრაციასა და სოფლების დაცლაზეც ილაპარაკა. „ქართული ოცნების“ ბანაკიდან ოცნების ლიდერებისთვის დამახასიათებელი, მაგრამ ეკლესიის მაღალიერარქის მიმართ მაინც მოულოდნელი უხამსი პასუხებიც მოჰყვა. არადა მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ეს კითხვა სერიოზულ პასუხს იმსახურებს. და მას კიდევ ერთი კითხვა უნდა დავუმატოთ. რამდენ ახალგაზრდა ოჯახს შეუძლია ამდენ ახალ კორპუსში ერთი ბინის ყიდვა?
სამ წელიწადში სამშენებლო სექტორის ბრუნვა 11 მილიარდიდან 15 მილიარდ ლარზე მეტად გაიზარდა. 2025 წელს ამ სექტორში 70 ათასი ადამიანი მუშაობდა. ამ მშენებლობებს ოჯახებისთვის მეორე, ანუ სხვა კუთხის სტატისტიკა და ანგარიშიც ახლავს. „თიბისი კაპიტალის“ შედარებით კვლევაში, 2022 წლის მონაცემებით, თბილისში ტიპური ბინის ფასი ოჯახის საშუალო წლიურ შემოსავალს დაახლოებით თერთმეტჯერ აღემატებოდა. წარმოიდგინეთ, ოჯახის თერთმეტი წლის მთელი შემოსავალი ერთი ბინისთვის. თან, ამასობაში, ოჯახმა ქირაც უნდა გადაიხადოს, ყოველდღიური ხარჯიც გასწიოს და იპოთეკის პირველადი შენატანიც დააგროვოს.
ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი წლევანდელი მეორე კვარტლის მონაცემებში სწორედ ამ პრობლემას ხედავს. საშუალო ხელფასი ლარებში რვა პროცენტით გაიზარდა. ინფლაციის გათვალისწინებით, ხელფასის რეალური ზრდა დაახლოებით ორი პროცენტი გამოდის. ოჯახი სწორედ ამ შემოსავლით იხდის ქირას და გეგმავს, როდის შეძლებს ცალკე ცხოვრებას, ან კიდევ ერთი ბავშვის გაჩენას.
2022 წელს საქართველოში 42 ათასზე მეტი ბავშვი დაიბადა. 2025 წელს - 38 ათასზე ნაკლები. იმავე წელს გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულთა რიცხვს თითქმის ექვსი ათას ხუთასით გადააჭარბა. 2015–2025 წლებში საქართველო 240 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნდა.
და მაინც, რამდენ ადამიანს უწევს სამუშაოს საძებნელად ოჯახის დატოვება? როცა ახალგაზრდობის ყველაზე პროდუქტიული წლები უცხოეთში მუშაობაში გადის, საქართველოში ოჯახის შექმნისა და დაბრუნების გეგმებიც ხშირად წლობით გადაიდება. ამასთან ბუნებრივად იზრდება მათი უცხოელებზე დაოჯახებისა და იქ დარჩენის ალბათობაც.
მიგრაციული პოლიტიკის სისუსტე განსაკუთრებით კარგად ბათუმში ჩანს. „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ შესწავლილ ოცდაათზე მეტ პროექტში, წლევანდელ პირველ ნახევარში, გაყიდული ბინების დაახლოებით ორი მესამედი უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა იყიდეს. ეს კვლევა ბათუმის პირველადი ბაზრის ნაწილს მოიცავს. ზოგმა ბათუმში ბინა საცხოვრებლად იყიდა, ზოგმა - გასაქირავებლად. ამიტომ ქალაქს ცალკე უნდა ჰქონდეს მონაცემი, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ამ ბინებში მთელი წლის განმავლობაში.
სახელმწიფომ ქალაქებისა და უბნების მიხედვით უნდა გამოაქვეყნოს, ვინ ყიდულობს ბინებს და როგორ იყენებს მათ. ამ მონაცემებით უნდა დაგეგმოს ინფრასტრუქტურა, სკოლები, ტრანსპორტი და იმ ადამიანების ინტეგრაციის პოლიტიკა, ვინც აქ ხანგრძლივად ცხოვრობს. დეველოპერისთვისაც მნიშვნელოვანია, იცოდეს, რამდენად გაუძლებს მისი პროექტი უცხოეთიდან მოთხოვნის შემცირებას.
რამდენად მორწმუნეა და რელიგიური ხელისუფლება თუ მისი ცალკეული წარმომადგენლები - რთულად ასახსნელ-დასასაბუთებელი, თუმცა სასულიერო იერარქებისთვის ქრისტიანული სწავლებიდან გამომდინარე საკმაოდ კონკრეტულად შესაფასებელი ლეგიტიმური უფლებაა, თუმცა ივანიშვილის მმართველობის თოთხმეტი წლის შემდეგ ხელისუფლებას სწორედ ამ კონკრეტულ შედეგებზე მოეთხოვება პასუხი. რამდენ ოჯახს შეუძლია საკუთარი შემოსავლით ბინის დაქირავება ან ყიდვა? სად იქმნება ლეგალური სამუშაო, რომლის ხელფასითაც ახალგაზრდას საქართველოში ცხოვრების დაგეგმვა, ოჯახის შექმნა და შვილების გაჩენა და აღზრდა შეუძლია? რამდენ ადამიანს, რამდენ მოქალაქეობრივად ქართველს შეუძლია უცხოეთიდან დაბრუნება და აქ თავისი პროფესიით მუშაობა?
ახალგაზრდა ოჯახს ეკონომიკური ზრდა მაშინ დაეტყობა, როცა ექნება სტაბილური სამუშაო და საცხოვრებელი, რომლის საფასურსაც გასწვდება. მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ ხელმისაწვდომი გრძელვადიანი ქირის პროგრამების შექმნა. ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი კი იმითაც უნდა გავზომოთ, სად და რამდენი ისეთი სამუშაო ადგილი იქმნება, რომელიც ოჯახს ღირსეულად აცხოვრებს.
შემდეგ ჯერზე, როცა მთავრობა გვეტყვის, რამდენი პროცენტით გაიზარდა ეკონომიკა, ერთი მარტივი კითხვაც დავუსვათ. ახალგაზრდა ოჯახს ქირისა და ყოველდღიური ხარჯების გადახდის შემდეგ ხელფასიდან რამდენი რჩება? და ამ თანხით რამდენ წელიწადში დააგროვებს ბინის საყიდლად პირველ შენატანს?
მეუფე იობმა ამბიონიდან ის კითხვა დასვა, რომელსაც დღეს ბევრი ოჯახი საკუთარ, მათ შორის ოცნების რიგითი მხარდამჭერების სახლში სვამს - შეძლებენ კი ჩვენი შვილები აქ ცხოვრებას? ამ კითხვას „ოცნების“ ბანაკიდან გინებით უპასუხეს. ამ პასუხშიც ჩანს, რამდენად დაშორდა ივანიშვილის ხელისუფლება თოთხმეტი წლის თავზე იმ ხალხს, ვის სახელითაც ლაპარაკობს. ამ ხალხისთვის კი ქვეყნის შენებას ძალიან კონკრეტული აზრი აქვს: ქვეყანა მაშინ შენდება, როცა ახალგაზრდებს საკუთარი სახლისთვის საკუთარი ქვეყნის დატოვება სამუდამოდ არ უწევთ.
