ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც კიევს საშუალებას მისცემს, უახლოეს პერიოდში უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმის [Ukraine Facility] ფარგლებში თითქმის 8 მილიარდი ევრო მიიღოს. აქედან დაახლოებით 5 მილიარდი ევრო 2026 წელს უკრაინის მხარდაჭერის სესხისთვის [Ukraine Support Loan] გამოყოფილი რესურსებიდან იქნება უზრუნველყოფილი. ეს არის ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის ამ მექანიზმის ფარგლებში განხორციელებული ყველაზე დიდი ერთჯერადი ფინანსური გადარიცხვა.
ევროკავშირის საბჭოს ცნობით, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინის მიერ 20-ზე მეტი სამიზნე ეტაპის შესრულება. ეს ეტაპები სხვადასხვა საკვანძო სფეროში განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება, მათ შორის:
- სასამართლო სისტემას;
- კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას;
- ფინანსურ ბაზრებს;
- საჯარო აქტივების მართვას;
- ადამიანურ კაპიტალს;
- ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას;
- დეცენტრალიზაციასა და რეგიონულ პოლიტიკას;
- ენერგეტიკას;
- აგროსასურსათო სექტორს;
- ციფრულ ტრანსფორმაციას;
- გარემოს დაცვას.
უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმი [Ukraine Facility] 2024 წლის 1 მარტს შეიქმნა და 2027 წლამდე უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდასაჭერად 50 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის გრანტებსა და სესხებს ითვალისწინებს.
