ფინანსური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. როგორც ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ აღნიშნა, საქმეში არსებული ერთადერთი აუდიოჩანაწერი, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო, ექსპერტიზაზე რამდენჯერმე იყო წარმოდგენილი და დასკვნებში განსხვავებული მონაცემები ფიქსირდებოდა.
„როგორც კი ჩავიბარებთ განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ. ერთადერთ მტკიცებულებას დაეყრდნო სასამართლო, ეს იყო აუდიოჩანაწერი, სადაც ელისო კითხულობს: „ბენს აქვს „ქოლცენტრი“? თუ აქვს მივხედავთ“, — განაცხადა ბრალდებული ჟურნალისტის ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისო კილაძეს ფინანსური დანაშაულისათვის 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ასევე ჩამოართვა ავტომობილი და 30 000 აშშ დოლარი.
მას ბრალი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობასა (სსკ-ის 180-ე მუხლი) და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში — ფულის გათეთრებაში (სსკ-ის 194-ე მუხლი) ედება. ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე კილაძესთან ერთად ბრალდებულნი არიან ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, გიორგი და დავით მიქაძეები, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე, რომელთა საქმის განხილვა ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
