თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის 90-ვე ოჯახს დროებით სასტუმროებში გადაიყვანენ.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტს სასტუმროები უკვე მობილიზებული აქვს. ამასთან, მუნიციპალური ლაბორატორია კორპუსის მდგრადობას სწავლობს და დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენი ოჯახის გადაყვანა იქნება საჭირო.
„ჩვენ მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, დროებით, უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ ამის აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ“, — განაცხადა კალაძემ.
ფონიჭალაში, ხუთსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ამ დრომდე შვიდ ადამიანს ეძებენ, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.
შემთხვევის ადგილზე მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. არსებობს კორპუსის ჩამონგრევის საფრთხეც.
