logo
ENG



პუტინმა, ტრამპმა და სი ძინფინმა უკრაინის ომზე, ბირთვულ განიარაღებასა და რეგიონულ კონფლიქტებზე იმსჯელეს

19 ნოე 202615:09
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/19/iq1ql08qsgi6x8m.png

ჩინეთის ქალაქ შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინის პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები საათ-ნახევარს გაგრძელდა.

რუსული სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ლიდერებმა ბირთვული განიარაღების, რეგიონული კონფლიქტების, საერთაშორისო ტერორიზმის, ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

პუტინის განცხადებით, რუსეთს, ჩინეთსა და აშშ-ს საერთო ინტერესები აქვთ რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში, მათ შორის უკრაინაში. მან ასევე ისაუბრა საერთაშორისო სამართლის სისტემის შენარჩუნების პასუხისმგებლობაზე.

სი ძინფინმა განაცხადა, რომ სამმა ქვეყანამ ერთობლივად უნდა იმუშაოს ბირთვული ომის თავიდან ასაცილებლად.

„ბირთვული იარაღი დამოკლეს მახვილია, რომელიც კაცობრიობას თავზე ჰკიდია. ის სრულად უნდა აიკრძალოს და განადგურდეს“, - თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა.

ტრამპის განცხადებით, სამმა ქვეყანამ ძალისხმევა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მიმართულებით უნდა გააერთიანოს. მან ასევე აღნიშნა, რომ უთანხმოებების მოგვარება დიალოგის გაგრძელებით არის შესაძლებელი.

ტრამპის თქმით, უკრაინაში ვითარების დარეგულირების პროცესი სწორი მიმართულებით ვითარდება და კონფლიქტის დასრულება ორივე მხარეს სურს.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, შეხვედრა კარგ ატმოსფეროში, კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით კი, უკრაინა სამიტის მთავარი თემა არ ყოფილა.


close დახურვა